19 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ფოთის პორტის საკითხის გამო, თანამდებობიდან გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე, კაბინეტში ჩაიკეტა და მედიასთან არ ჩნდება

თანამდებობიდან გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე მედიასთან არ ჩნდება. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსი, რომლის ბრძანების საფუძველზეც გაიცა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა, კაბინეტშია ჩაკეტილი და შენობას არ ტოვებს.

შენობაში „კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე ჩაკეტეს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კარი და ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს.

სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა „კურიერს“ წერილობითი სახით მიაწოდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან გრიგოლ კაკაურიძე გათავისუფლებულია თანამდებობიდან, ამ ეტაპზე აღარ იმყოფება სააგენტოში.

ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, მისი უწყების მიერ 2 მაისს გაცემული ნებართვის შესახებ დღეს, 28-დღიანი დაგვიანებით გაიგო. საუბარია არა რიგითი ბრძანებასა ან სამშენებლო ნებართვაზე, არამედ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დოკუმენტზე, რომელიც ანაკლიის პორტის პერსპექტივას კლავს.

ხმაური ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გუშინ ღამით დაიწყო, როდესაც ფოთის პორტის მფლობელმა განცხადება გაავრცელა, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს, ამ განცხადებას მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის უმწვავესი რეაქცია და მამუკა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფმა პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლების თამაში მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე გათავისუფლებული.

დღის ამბები