დეპუტატების ნაწილი ეკონომიკის მინისტრის გადაყენებას ითხოვს. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა პრემიერთან ერთად ხვალ ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოშ მისულიყო ნათია თურნავაც და გაეცა პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით დაგროვდა.
პარლამენტის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მინისტრების უმრავლესობა კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარებას ემსახურება მხოლოდ და მათ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ.
„ნათია თურნავებისნაირი მინისტრები დღეს არის ჩვენს მინისტრთა კაბინეტში პრაქტიკულად, 90 პროცენტი. მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარება, მეტი მათი ფუნქცია, არც მთავრობაზე, არც ხელისუფლებაზე, არც ხალხზე ზრუნვა არ არის, ეს არის კონკრეტული ადამიანები და იგივე, პარლამენტშიც, კონკრეტული ჯგუფები ყველა ემსახურებიან თითო ადამიანის ინტერესებს. ყველა დეპარტამენტის უფროსს, რომ თავის ინტერესი გააჩნია ამ ქვეყანაში და მინისტრი ზემოდან ვერ აკონტროლებს ყველაფერ ამას, მე ვფიქრობ, ეს არა იმ კონკრეტული პიროვნების ბრალია, არამედ თვითონ ამ მინისტრის,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.