დავით გარეჯთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი ინიციატივას აყენებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს მიმართავს, რომ დაძაბული ვითარების განსამუხტად დროებითი ღონისძიებები მიიღონ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ არცერთი ქვეყნის მოქალაქე არ დაზარალდეს და მომლოცველებმა დაუბრკოლებლად შეძლონ კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსთან მისვლა, გარკვეული ღონისძიების გატარებაა აუცილებლი.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საზღვრის დადგენამდე დავით გარეჯის ტერიტორიაზე დროებითი რეჟიმი უნდა ამოქმედდეს. მისი განცხადებით, ეს მსოფლიოში აპრობირებულია და პრობლემა დაპირისპირების და ზედმეტი ემოციურობის გარეშე გადაწყდება.
„გარეჯა არის უმნიშვნელოვანესი, ქართული, ისტორიული ხუროთმოძღვრული, კულტურული და, რა თქმა უნდა, რელიგიური ძეგლი, ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედი სამონასტრო კომპლექსი და საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. მეორე მხრივ, აზერბაიჯანს აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა და აწუხებს ის, რომ თუ საზღვარი არის გაუკონტროლებელი, პრაქტიკულად, ხვრელი რჩება, საიდანაც შეიძლება არა მხოლოდ სამონასტრო კომპლექსი, არამედ ზოგადად უკონტროლო გადაადგილება ხალხის, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში აწუხებთ.
„ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ საბოლოოდ გადაწყდება საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ 2012 წელს პრაქტიკულად, უკვე გვქონდა მომზადებული ხელშეკრულება ტერიტორიების გაცვლის თაობაზე, რომელიც ამ საკითხს წყვეტდა. სანამ ასეთი ხელშეკრულება ხელახლა გაფორმდება ან მომზადდება, მე ვთავაზობ ორივე მხარეს გარდამავალ გადაწყვეტილებას, რათა მოიხსნას საზღვრის საკითხები. ორივე მხარეს უნდა დაყენდეს დროებითი გამშვები პუნქტი, საქართველოს მესაზღვრეების და აზერბაიჯანის მესაზღვრეების და განხორციელდეს დაუბრკოლებელი გადაადგილება ამ პუნქტებზე ორი ქვეყნის მოქალაქეების, ამ გარდამავალი ეტაპის ბოლოს საბოლოოდ გადაწყვეტა საკითხის, კერძოდ, ტერიტორიების გაცვლა, სხვა საკითხების მოგვარება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღარ არსებობდეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.