პროკურატურა პროფესიულ დღეს ცერემონიების სასახლეში აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ევროჯასთის პრეზიდენტი, რომელიც უკვე შეხვდა მთავარ პროკურორს.
ცერემონიათა სასახლეში პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ შეხვედრას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა პროფესიონალი პროკურორების როლზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურორების ნდობაზეა დამოკიდებული ასევე სასამართლოს მიმართ ნდობა საზოგადოების მხრიდან.
„თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი შესაძლებლობა, რათა გახდეთ ისეთი პროკურორები, როგორიც სჭირდება დემოკრატიულ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც დგას კანონის უზენაესობაზე. თქვენ გაქვთ დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი რამეთუ საზოგადოება თქვენგან ელოდება ყველა იმ მტკივნეული საქმის გამოძიება, რომელიც ამძიმებს ჩვენს ცნობიერებას. თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში. სასამართლო სისტემით მიმართ ნდობისთვის თქვენს მიმართ ნდობა აუცილებელია, ამდენად თქვენს საქმიანობაში აუცილებელია პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და რაც ყველაზე მთავარია სინდისი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერმა კი ევროჯასთსა და საქართველოს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა.
„ეს იყო მეორე ისტორიული თარიღი, როდესაც შედგა შეთანხმება ევროჯასთსა და საქართველოს შორის. ქართველმა ერმა გააკეთა თავის არჩევანი და ეს ცივილიზაციური არჩევანია ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ეს გზა სავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ ამ გზაზე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ყველაზე ახლო სექტორალური თანამშრომლობა ყველა მიმართულებაში, მათ შორის მართლმსაჯულებაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გარდა პრემიერისა, ევროჯასთთან მიღწეულ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ.
„დღეს ჩვენ აქ ვართ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ევროპული სისტემის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო სისტემა,“ - განაცხადა თადუმაძემ.