მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში - დაკავებულები არიან მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები. განცხადება ბათუმის საოლქო პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან; ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში, ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე.
მათ ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.
საუბარია ტენდერებზე, რომელიც ბათუმში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ცხადდებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩაატარა.
"დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული არიან,"-ნათქვამია განცხადებაში.