ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ადგილობრივები ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები ამბობენ, რომ დაახლოებით, ერთი თვის წინ განახლდა საუბარი პორტის მშენებლობაზე.
ფოთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, სამსონ კუტალია ადასტურებს, რომ აიპიემ ტერმინალის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრის დროს აღნიშნეს, რომ ფოთში ნავსადგურის მშენებლობის დაწყებას გეგმავდნენ.
მისივე თქმით, ფოთში ნავსადგურის აშენების გეგმა 2011 წელსაც არსებობდა, თუმცა, ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის პროექტის დაანონსების გამო ჩავარდა.
„მე ვიცოდი, რომ 2011 წლის მაისის თვეში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აიპიემ ტერმინალმა შეაჩერა ეს პროექტი, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტი დაანონსეს და აქედან გამომდინარე, კონკურენციას გაგვიწევსო და აქედან გამომდინარე, მაშინ შეაჩერეს ვიცი და იმის შემდეგ არ ვიცი. არ ვარ საქმის კურსში 2 მაისს გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით. აიპიემ ტერმინალის წარმომადგენელთან მქონდა კომუნიკაცია დაახლოებით, ერთი თვის უკან, ვაპირებთო, იძახდნენ ისინი, პორტის მშენებლობას და ჩვენ შემოვალთო და თქვენი მხარდაჭერა გვინდაო, ეს იყო და ეს, მათთან შეხვედრის დროს,“ - განაცხადა სამსონ კუტალიამ.
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი აქტუალური გუშინ მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ფოთის პორტის მფლობელებმა განაცხადეს, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იწყებოდა.
ამ განცხადებას მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის წევრთა უმწვავესი რეაქცია. მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფმა პირდაპირ თქვა, ხელისუფლების თამაში მისთვის შოკისმომგვრელი იყო. დღეს კი ეკონომიკის მინისტრმა განმარტება გააკეთა.
ნათია თურნავა ამბობს, რომ ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე გათავისუფლებული.