19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
სკანდალი ეკონომიკის სამინისტროში - თანამდებობიდან გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე პირველ განცხადებას აკეთებს

სკანდალი ეკონომიკის სამინისტროში - თანამდებობიდან გადაყენებულმა გრიგოლ კაკაურიძემ, რომლის ბრძანების საფუძველზეც ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გაიცა, მედიასთან კომენტარი დღის ბოლოს გააკეთა.  

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა კამერის წინ წინასწარ შეთანხმებული განცხადება გააკეთა და არც ერთ კითხვას არ უპასუხა. მათ შორის არ თქვა, იცოდა თუ არა, რომ ახალი პორტის უკან ოთარ ფარცხალაძე დგას.

„მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება იქნა ჩემ მიერ მიღებული. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ქალბატონი ნათია თურნავა უშუალოდ მე არ ჩამიყენებია საქმის კურსში. იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში, ამასაც ვადასტურებ,“- აცხადებს კაკაურიძე. 

ჟურნალისტის კითხვას - თუ იცოდა, რომ დარღვევები იყო, რატომ გასცა ნებართვა, გრიგოლ კაკაურიძემ აღარ უპასუხა.

თანამდებობიდან გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე მედიასთან დღის ბოლომდე არ გამოჩნდა. ის „კურიერის“ კამერებს ემალებოდა და მთელი დღის განმავლობაში კაბინეტში იყო ჩაკეტილი. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ კაკაურიძემ გადაწყვეტილება მასთან და მთავრობის არც ერთ წევრთან არ შეათანხმა. 

საქმეში ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობის შესახებ კი ინფორმაცია ცნობილი დღის ბოლოს გახდა. მას შემდეგ რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა გაასაჯაროვა ფაქტები, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი და ოთარ ფარცხალაძე ბიზნეს პარტნიორები არიან.

დღის ამბები