სკანდალი ეკონომიკის სამინისტროში - ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის პროექტების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.
საქმე ეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ბრძანება ფოთის პორტში მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს დილით ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ირწმუნებოდა, რომ საქმის კურსში არ იყო და ნებართვის გაცემა მისი თანხმობის გარეშე მოხდა.
ხუხაშვილი განმარტავს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს, ანაკლიის პორტს, რომლის განხორციელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
„კონსტიტუციით გამაგრებული პროექტის საბოტირება ნებისმიერი ფორმით, ეს ჩემი აზრით, არის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალის მიყენების მცდელობის მუხლით და უნდა დაიწყოს გამოძიება. ვინ იყო შემსრულებელი, ვინ იყო დამკვეთი, ვინ მონაწილეობდა ამ ყველაფერში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ კონსტიტუცია ყველა კანონზე მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია და ეს პროექტი ასახულია მის დებულებებში,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა. დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისით თარიღდება. დოკუმენტი გუშინ საღამოს გასაჯაროვდა, რასაც ანაკლიის უცხოელი ინვესტორების მხრიდან სრული პანიკა მოჰყვა.
მამუკა ხაზარაძემ პირდაპირი დაწერა, რომ პორტის მშენებლობა საფრთხე იყო. საინფორმაციო შეტევის შემდეგ, დილა ეკონომიკის მინისტრმა უკან დახევით დაიწყო. ნათია თურნავამ პრაქტიკულად თქვა, რომ მისმა დაქვემდებარებულმა უწყებამ ქვეყანაში ახალი გიგანტური პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა და პროექტის შესახებ, რომელსაც ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდება, არაფერი იცოდა. ყველაფერი საბოლოოდ, ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაბრალდა, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს.