უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.
მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლალი ფაფიაშვილი, იმედოვნებს, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება.
„საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საკუთარი პოზიტიური წვლილი შევიტანოთ უზენაესი სასამართლოს საქმიანობაში. კანონმდებლობაც არის უკვე შეცვლილი, გამჭვირვალე არის პროცედურები და ყველანაირად ვნახავთ, რა და როგორ იქნება. ღია არის იუსტიციის საბჭოში გასაუბრებაც და შემდგომ უკვე გადასული კანდიდატებისთვის პარლამენტში გასაუბრებაც, შერჩევის პროცედურა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მე არ მაქვს იმის უფლება, რომ რაიმე კითხვის ნიშნები მქონდეს. მე რომ არ მჯეროდეს პროცესის გამჭვირვალობის, ალბათ, არც შევიტანდი განაცხადს,“ - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.
პროცესის სამართლიანად წარმართვის იმედი აქვს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტს, არჩილ ჩოფიკაშვილს.
„ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც უზენაესი სასამართლო ახლიდან კომპლექტდება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ჩემი მონაწილეობა ამ კონკურსში და მინდა, მქონდეს იმედი, რომ შეირჩევიან ღირსეული, დამოუკიდებელი, სამართლიანი კანდიდატები. სამართლებრივ დონეზე არის იმის წინაპირობა და იმის მოცემულობა, რომ ვნახოთ, დრო აჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილი.