„უკვე რამდენიმე ოდიოზური გვარი ამოვიკითხე მე ამ სიაში, რომლებიც, ჩემი აზრით, არ უნდა ყოფილიყვნენ, თუ კლანს არ ჰქონდა ამოცანა, დეკემბერში რაც იყო დასახული, ის გაემეორებინა,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასაჯაროებულ სიას.
საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს, რომელთა სიაც დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაასაჯაროვა.
გედევან ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი საკუთარი კანდიდატების გაყვანას ისევ შეეცდება.
„ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ, თვითონ იუსტიციის საბჭო ვის შეარჩევს ამ წარმოდგენილი სიიდან და ვის შეთავაზებს პარლამენტს. ვერ გეტყვით, რომ ყველა ადამიანი მიუღებელია ჩემთვის ამ სიაში. რამდენიმე ისეთი პირიც დავინახე, რომელიც, ჩემი აზრით, თუ შემოვა პარლამენტში, შეიძლება, ხმაც მისცეს ადამიანმა, მაგრამ დიდი ალბათობაა მაგის, რომ ის კანდიდატები, რომლებიც კლანს უნდა უზენაეს სასამართლოში, დამტკიცდნენ, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.