„სიის ფორმირება მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მაშინაც, სიის ფორმირება მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღესაც, მაგრამ ფორმირების პროცესი არ დასრულებულა," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, გააკეთა.
მათიკაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 144-კაციანი სიის გასაჯაროებას ეხმაურება.
ოცნების დეპუტატი აცხადებს, რომ კონკრეტული კანდიდატების შეფასება პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ მოხდება, მანამდე კი თავს იკავებს შეაფასოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა შორის გენერალური პროკურორის სახელი და გვარის არსებობა.
„აქ პარლამენტი ასრულებს, როგორც მოგეხსენებათ, უკვე შემდგომი ეტაპის როლს. მოდით, ჩვენ ახლა კონკრეტულ გვარებს და სახელს ამ კუთხით ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ჩვენთვის მთავარი არის ამ ეტაპზე სიის გადმოცემა, ხოლო შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი მისი გვარით და სახელით, მისი წარსულით, მისი ღირსებით, ყველაფრით იმით, რაც ქმნის ადამიანს მისი პროფესიიდან გამომდინარე, იქნება შეფასების ქვაკუთხედში და სწორედ ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.