19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"ფოკას მონასტრის ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად გაჯანსაღება გვაქვს დასახული ამოცანად" - მაია ცქიტიშვილი

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა. მსვლელობას, რომელიც დღეს, ნინოობის დღესასწაულზე, ფოკაში დაიწყო, სწორედ პრეზიდენტი მოუძღვება.

მრევლი და სასულიერო პირები 42-დღიან ლოცვით მსვლელობას იწყებენ, რომელიც სვეტიცხოველში 12 ივლისს დასრულდება. 

მსვლელობაში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის წევრებმაც მიიღეს და მამათა მონასტრიდან ჯავახეთში, მტკვრის შესართავთან, დაასრულეს.

სამთავრობო გუნდის წევრების თქმით, ჯავახეთის ფერდობის განვითარებისთვის მზადდება პროექტი და პროექტი სოფელ ფოკას შეეხება. ფარავნის ტბის გარშემო მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკები, საპარკინგე სივრცე, ასევე, ტურისტულად დაიტვირთება დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაც.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, ამბობს, რომ ტენდერი მომდევნო კვირას გამოცხადდება.

„ფოკას მონასტრის ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად გაჯანსაღება გვაქვს დასახული ამოცანად. მომდევნო კვირას იქნება გამოცხადებული უკვე სამშენებლო სამუშაოების ტენდერი. გარდა ამისა, უშუალოდ ფარავნის ტბასთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით იქნა შეყვანილი დაცული ტერიტორიების ნუსხაში, ისევე როგორც საღამოს და აბულის ტბა, უკვე ფარავნის ტბაზე ასევე იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებული,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ადგილობრივ მოსახლეობას რომ ხელისუფლება კოოპერატივების ჩამოყალიბებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს, ამაზე ისაუბრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„ჩვენი სამინისტრო კონკრეტულად მიიღებს მონაწილეობას ადგილზე ფერმერული, მათ შორის, თევზსაჭერი მეურნეობების და კოოპერატივების ჩამოყალიბებაში იმისთვის, რომ მოსახლეობას მიეცეს ახალი წარმოებს საშუალებები, მათ შორის, იქნება ნაოსნობის განვითარების დახმარების პროგრამები, რომლებიც საბოლოოდ იქნება სამი დამატებითი ტბის - აბულის, ფარავნის და საღამოს ტბის დაცულ ტერიტორიებად აღიარების კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხები დასჭირდება სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. 

დღის ამბები