19 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
საქართველოს რკინიგზამ 64 მილიონის ღირებულების სარკინიგზო ვაგონები რუსულ კომპანიებს მისცა - კორუფციული სქემა გაიშიფრა

საქართველოს რკინიგზამ 64 მილიონის ღირებულების 800-მდე სარკინიგზო ვაგონი რუსულ კომპანიებს მისცა. ამას შაბათის კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტი ადასტურებს.

საქართველოს რკინიგზაში შაბათის კურიერის გადამღებ ჯგუფს შესვლის საშუალებას მას შემდეგ არ მისცეს, რაც რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა, რომ მათი უკვე ყოფილი თანამშრომელი კურიერთან ალაპარაკდა.

საქართველოს მოქალაქეების საკუთრების ოკუპანტი ქვეყნისთვის მარტივად გადასაცემად  რკინიგზის ადმინისტრაციამ მთელი მაქინაციები ჩახლართა.

რკინიგზის შვილობილი კომპანიის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნინო ლომიძე, შაბათის კურიერთან იხსენებს, რომ საქართველოს რკინიგზის სურვილი თავიდანვე იყო, რომ ვაგონები პირდაპირ რუსული ბიზნესის ხელში აღმოჩენილიყო, ამიტომ რკინიგზამ ჯერ ეს ქონება შვილობილი კომპანიის ბალანსზე გადაიტანა. ამით ღია აუქციონის ჩატარების ვალდებულება მოიხსნა და შემდეგ 799 სატვირთო ვაგონი კაბალური ხელშეკრულებით რუსულ ბიზნესს მისცა.

კორუფციული სქემა, რომელიც ხელის გულზე დევს, ნინო ლომიძის მტკიცებით, მოსკოვიდან იმართება. ერთი წლის წინ საქართველოს რკინიგზის შვილობილ ჯეარ ლოჯისტიკა და ტერმინალებსა და რუსულ რეილვეი ინვესტ გრუპს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს რკინიგზაში ქართუ ჯგუფიდან მისული მამუკა მერკვილაძე აწერს.

800-მდე ვაგონის რუსელი მხარისთვის გადაცემის შემდეგ, მერკვილაძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა, რკინიგზის მართვას არაფორმალურად იწყებს და sms-ით მიწერილ ბრძანებებს არსებული მენეჯმენტი უპირობოდ ასრულებს.

საქართველოს რკინიგზაში მამუკა მერკვილაძის რუსულ კავშირებზე კომენტარს თავს არიდებენ. თუმცა, რუსულ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვერ უარყოფენ.

მსურველი რომ გამოჩენილიყო, ამისთვის აუქციონი არ ჩატარებულა. რკინიგზაში ამბობენ, რომ ჩატარდა ფინანსური კვლევა, რომელმაც ვაგონების გაიჯარების ფასი მისაღებად დაადგინა, თუმცა, ფინანსური კვლევა და რუსულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი შაბათის კურიერს არ გადაუგზავნეს.   

ექსკლუზიური რეპორტაჟის მთავარი რესპოდენტი ამბობს, რომ რკინიგზა აქტიურად მუშაობს მისი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე. ამის მაგალითად კი ეს სატვირთო ვაგონები მოჰყავს, რომლებიც ჯეარ ლოჯისტიკა და ტერმინალებს ეკუთვნის და იმის გამო, რომ ამ საკვანძო სადგურზე დგას, ყოველთვიურად 100 ათასამდე ლარის დავალიანება უგროვდება.

რკინიგზაში ჯერ იმის მტკიცება დაიწყეს, რომ კომპანია მომგებიანია, მალევე კი თავად აღიარეს, რომ ტვირთბრუნვა შემცირებულია და რკინიგზა მოგების მიღებას ჯერ მხოლოდ ცდილობს.

კომპანიაში მიმდინარე პროცესების გაკონტროლების უფლებამოსილება არც ნინო ლომიძეს მისცეს. საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის დირექტორის მოადგილე გათავისუფლებამდეც შეეცადა, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე ინფორმაცია შესაბამისი სამსახურისთვის მიეწოდებინა. სკანდალური წერილის გაგზავნიდან 2 დღეში კი ნინო ლომიძეს თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა.

შაბათის კურიერის მთავარ გმირს სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინებებიც მოსდის და საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოებისთვის ქვეყნის დატოვებასაც არ გამორიცხავს, თუმცა, მანამდე ამბობს, რომ სათქმელი ჯერ კიდევ დარჩა და წასვლამდე აუცილებლად კურიერში იტყვის.

 

 

 

ავტორი: მაკა ჩიხლაძე

დღის ამბები