რუსული ინტერ რაო ქართული ბაზრის დასაპყრობად ემზადება. საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი მოთამაშე 10 დღის წინ გამოჩნდა. კომპანია ინტერ რაო საქართველო იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში 2019 წლის 21 მაისს გაატარა და ზუსტად რამდენმე საათში - 22 მაისს, მას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა საქართველოდან დენის გატანის და ელექტროენერგიის შემოტანის უფლება მისცა.
ქართული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრიდან სამი რუსეთის მოქალაქეა, მათ შორისაა ალექსანდრა პანინა - რუსული ინტერ რაოს ერთ-ერთი მმართველი. ის კრემლის კარზე მიღებული მაღალჩინოსანია. პანინას კანდიდატურა რუსეთის ენერგეტიკის მოადგილედაც განიხილებოდა, ახლა ის იმ კომპანიას გააკონტროლებს, რომელიც საქართველოში დენს შემოიტანს და საქართველოდან გაიტანს.
ინტერ რაო საქართველოს დირექტორი ვახტანგ ამბოკაძეა. მან ინტერ რაო საქართველო ბაგებში საკუთარ ბინაში 21 მაისს დაარეგისტრირა. 22 მაისს სახელმწიფო კომპანია ესკომ ინტერ რაო საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის უფლება მისცა. ამ პერიოდში ესკოს ვებგვერდის თანახმად, ვახტანგ ამბოკაძე ჯერ კიდევ ამ სახელმწიფო კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებდა.
ვახტანგ ამბოკაძე სამდღიანი ძებნის შემდეგ კურიერმა ინტერვიუზე დაითანხმა. მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურში გატარებული ექვსი წელი რუსული ენერგოგიგანტის - ინტერ რაოს, ხელმძღვანელებთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენა. ბოლოს საჯარო მოხელემ, რომლის ხელშიც 2013 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი იყო, მოსკოვთან შეთანხმებით ინტერ რაო საქართველო დააფუძნა, რუსულ კომპანიას ქართული ბაზარი საკუთარი ხელით გაუხსნა და თავადაც ამ კომპანიაში სამუშაოდ წავიდა.
საქართველო ზამთარში დენს უცხოეთიდან ყიდულობს. 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ენერგოსისტემა რუსეთზე სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული იყო და წლიდან წლამდე მცირებოდა რუსული დენის წილი. საქართველოს მთავარ მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა, სწორედ ამ დროს, როდესაც რუსული ენერგია ქართულ ქსელებში, პრაქტიკულად, აღარ დარჩა. ქვეყნის ბაზარზე რუსული ენერგოგიგანტის ქართლი ფილიალი გამოჩნდა.
ინტერ რაო საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ალექსანდრა პანინას, არ დაუმალავს, რომ გეგმები ამბიციური აქვთ და ქართულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ბრძოლას იწყებენ.