ავსტრიის ელჩის განცხადებას, რომელიც საქართველოში ბიზნესის წარმოების პრობლემასა და გადაწყვეტილების მიმღები პირების არარსებობაზე საუბრობს, პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. მამუკა ბახტაძე აღიარებს, რომ პრობლემები არსებობს, თუმცა პრემიერი განმარტავს, რომ სწორედ ამ მიზნით განხორციელდა საკადრო ცვლილებები მთავრობაში და ეტაპობრივად ყველა პრობლემის გადალახვა მოხდება.
„სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ გაცნობილი ამ განცხადებას, გავეცნობი და გიპასუხებთ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია გვაქვს, პირადად მეც დიპლომატიურ კორპუსთან საქართველოში იმიტომ, რომ ბევრი უცხოური კომპანია მოღვაწეობს საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათგან მივიღოთ უკუკავშირი და ზოგადად ახლა რაც შეეხება გადაწყვეტილების სისწრაფეს, მე ამის შესახებ საქართველოს პარლამენტშიც მქონდა საუბარი. ის, რომ ბევრ მიმართულებაში ჩვენ გვაქვს დასახვეწი საკითხი, ეს იყო სწორედ მიზეზი, რის გამოც მოხდა საკადრო გადაადგილებები, ის პრობლემები, რაც არსებობდა დღეს რეალურად არის დაძლეული, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გვაქვს გასაუმჯობესებელი. მათ შორის პროცედურების ნაწილი გვაქვს გასამარტივებელი და აქ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს და იცით, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით არის მსოფლიოში მეექვსე ადგილზე. ეს რა თქმა უნდა არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არ არის. ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაუმჯობესებელი მაგრამ შედეგი სახეზეა,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავსტრიის ელჩმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. არად ბენკო მთავარ დაბრკოლებად გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა ნაკლებობას ასახელებს და ამბობს, რომ საქართველოში სიმართლეს იშვიათად ამბობენ. ავსტრიის ელჩი პრობლემას ხედავს თაობებს შორის შეუთანხმებლობაშიც. დიპლომატი ამბობს, რომ ადამიანთა ერთ ჯგუფს სურს გახდეს დასავლეთის ნაწილი, მეორე ჯგუფი კი განვითარების და წინსვლის წინააღმდეგია.