19 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს, აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა - პრემიერი მოსამართლეების შერჩევაზე  საუბრობს

„ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს ან ნებისმიერ სხვა პროფესიის ადამიანს, ნებისმიერ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა,“ - ამ განცხადებით, პრემიერ-მინისტრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გენერალური პროკურორის შესაძლო დანიშნავს ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და კანდიდატების  შერჩევა გამჭვირვალედ მოხდება.   

„ეს იყო ის შემთხვევა, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით  და რეალურად, ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს ან ნებისმიერ სხვა პროფესიის ადამიანს, ნებისმიერ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მთავრია, საზოგადოებამ დაინახოს და ეს უკვე დაინახა იმ კანონით, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომ ნებისმიერ ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.

დღის ამბები