„რომ არ გვცოდნოდა, რომ ეს ავსტრიის ელჩის ნათქვამი იყო, ნებისმიერი ჩათვლიდა, რომ ეს არის, რომელიმე ოპოზიციური პარტიის განცხადება,“ - ასე ეხმაურება ოპოზიცია ავსტრიელი დიპლომატის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა ნაკლებობაა, რაც ბიზნესის კეთებას ხელს უშლის.
ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ავსტრიის ელჩმა თქვა ზუსტად ის, რაზეც ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს და რაც საქართველოში არაფორმალურ მმართველობას ხაზს უსვამს.
"აბსოლუტურად ზუსტად ასახავს იმას. რასაც ამბობს ყველა და რასაც ხედავს ყველა. ეს არის დიპლომატის მიერ გაკეთებული საკმაოდ არადიპლომატიური განცხადება. რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში არის კორუფცია, რომ ტენდერებში იმარჯვებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და ტენდერები არის გაუმჭირვალე. რომ გადაწყვეტილების მიღება ფერხდება და გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც ეს რომელიღაც აი ამ ძველი ბიზნეს კლანის ინტერესებშია და ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა ქვეყანაში, რაც პირდაპირ ნიშნავს სწორედაც რომ არაფორმალური მმართველობის არსებობას, რასაც ჩვენ ვამბობდით რომ ივანიშვილის გარეშე ქვეყანაში დიდი გადაწყეტილებები არ მიიღება,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავსტრიის ელჩის განცხადებას ეხმაურებიან „ევროპულ საქართველოშიც.“ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სამწუხაროა რომ იმ პრობლემებზე ინფორმაცია, რომელიც კორუფციას და ბიზნეს კლანებს უკავშირდება, საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდა. ეს კი ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ნაკლებ ინვესტორს და დაზიანებულ ეკონომიკას ნიშნავს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდა ის, რაც ჩვენ დიდი ხანია და წლებია უკვე ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში გადაწყვეტილებები არ მიიღება და ხშირად ამის უკან დგას კერძო კლანები და კორუფციული ინტერესები და ვინ თუ არა საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა უნდა გაიტანონ ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატის შესახებ და ხელი შეუწყონ ინვესტიციების მოზიდვას ამ ქვეყანაში, რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი ეკონომიკის ზრდა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა. და თუ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ასეთი შთაბეჭდილება აქვთ ქვეყანაზე, რაც სამწუხარო რეალობას ასახავს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნება" კი არ ემსახურება ქართველ ხალხს, პირიქით ხელს უშლის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიციები მოვიდეს,“-განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.
ავსტრიის ელჩმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. არად ბენკო მთავარ დაბრკოლებად გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა ნაკლებობას ასახელებს და ამბობს, რომ საქართველოში სიმართლეს იშვიათად ამბობენ. ავსტრიის ელჩი პრობლემას ხედავს თაობებს შორის შეუთანხმებლობაშიც. დიპლომატი ამბობს, რომ ადამიანთა ერთ ჯგუფს სურს გახდეს დასავლეთის ნაწილი, მეორე ჯგუფი კი განვითარების და წინსვლის წინააღმდეგია.