"შერატონ მეტეხი პალასში" ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგგარეშე ყრილობა იმართება. პარტიის სახელწოდებაში ცვლილებაა და მას დღეიდან "ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა" ჰქვია. ამ წუთებში, პარტიის ლიდერები დელეგატებს მიმდინარე ცვლილებას და იმ პოლიტიკურ მიმართულებებს აცნობენ, რომელზეც მოძრაობა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იმუშავებს.
პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რუსეთთან დიალოგია აუცილებელი, რადგან მიიჩნევენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მხოლოდ ამ გზით მოგვარდება.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ პარტია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზების ყოფნას ეწინააღმდეგება და ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
„ჩვენ უარს ვამბობთ იმ კორუმპირებულ ხელისუფლებაზე, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, უარს ვამბობთ იმ უმუშევრობაზე, იმ სოციალურ უთანასწორობაზე, რაც ჩამოყალიბდა ეს ბოლო წლებია საქართველოში, განსაკუთრებით, ამ ბოლო ხანში გამოჩნდა და რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმთავრესია ევროკავშირი, ევროკავშირში გაერთიანება, თუმცა ასევე, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბაზების საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსული ბაზები გავიდნენ საქართველოდან. ამისთვის საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებები, ამისათვის საჭიროა მრავალვექტორული დაბალანსებული ურთიერთობები“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ კონფერენციების მიზანია, ამომრჩეველს ესაუბრონ იმის შესახებ, თუ რა ცვლილებებია ქვეყნისთვის უმთავრესი.
„ამ კონფერენციების დანიშნულება, პირველ რიგში, იქნება ის, რომ პირდაპირ ურთიერთობაში შევიდეთ ჩვენს ამომრჩეველთან, პირდაპირ გავაგებინოთ ხალხს, რა ცვლილებებია ქვეყანაში სასწრაფოდ საჭირო. მთავარი პოლიტიკურ გზავნილი არის ერთიანი საქართველო, ეს არის ის უმთავრესი მესიჯი, რაც გახლავთ ჩვენი დღევანდელი შეკრების. დღეს, საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა და საზოგადოების ერთიანობა უკეთესი ცვლილებებისთვის,“ - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი, პრობლემების მოგვარების გზად, რუსეთთან დიალოგს ასახელებს.
„ლაკონურად რომ ვთქვათ, ეს არის მზადება ეროვნული სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის გარდაუვალი აუცილებლობა, ვესაუბროთ ყველაზე უხერხულ მეზობელს ოკუპანტს, მტერს, მაგრამ უნდა ვესაუბროთ, უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 წელიწადია ვტკეპნით ერთ ადგილს და უკან უკან მივდივართ. ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, არის ვესაუბროთ იმათ, სადაც არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ნინო ბურჯანაძე და მისი თანაპარტიელები მოუწოდებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომ გაერთიანდნენ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის.
„სანამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და სანამ ადამიანები არ იხილავენ იმ პარტიებს პარლამენტში, რომელსაც ისინი მართლა ირჩევენ და არა იმ პარტიებს, რომელიც ერთ ვიღაცას მოსწონს, მანამ ეს ქვეყანა მუდმივად ჩაკეტილ წრეში იტრიალებს. ნებისმიერი არჩევნები, რომელიც დღეის შემდეგ ჩატარდება, უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ამავდროულად, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ხმების ყიდვა და ხმების გაყალბება არ მოხდა“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.