19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ანაკლიის პროექტის "მოკვლის" გეგმა - ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ინფორმაცია ინვესტორებისთვის საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა

ანაკლიის პროექტი კიდევ ერთი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. გრანდიოზულ პროექტს, რომელსაც ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა, ეკონომიკური წარმატება, სიმდიდრე და სამუშაო ადგილები უნდა მოეტანა, როგორც ჩანს, "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ მოუღო ბოლო.

ანაკლიის პორტის მაღალი ღირებულება იმაშია, რომ მას მსგავსი კონკურენტი სანაპიროზე არ უნდა ჰყავდეს. ამ დროს, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ გასცა ნებართვა ასეთივე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ფოთში. მართალია, ნებართვა მოგვიანებით გაუქმდა, მაგრამ უცხოელმა ინვესტორებმა სიგნალი მიიღეს - ანაკლია არ იქნება გამონაკლისი და თუ ხელისუფლებას დასჭირდება, ის გვერდით ააშენებს კონკურენტ პორტს.

ფოთის ახალი ტერმინალის შესახებ პირველი ცნობები საჯარო სივრცეში ჯერ კიდევ 2018 წლის 12 იანვარს გაჩნდა. ობიექტს ეი-პი-ემი და ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაცია ერთობლივად ააშენებდნენ, რომელიც საჯარო რეესტრმა მხოლოდ 24 იანვარს დაარეგისტრირა. მისი 55% ვანო ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს, ბიზნესმენ თამაზ ჩხიკვიშვილს ეკუთვნის. ჩხიკვიშვილის ბიზნეს პარტნიორი კი ფოთის მერი, გოჩა კურდღელიაა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კი ამბობს, რომ მისთვის არავის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ არსებობდა ინვესტორთა ჯგუფი და რომ ამ ჯგუფს ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და ანაკლიის სტარტეგიული პროექტის ჩაძირვა სურდა.

სავარაუდოა რომ ჩხარტიშვილ-ივანიშვილის ტანდემი ფოთში ახალი ტერმინალის აშენებას არც აპირებს, რადგან ოდიოზურ ჯგუფს ისედაც მონოპოლისტური მდგომარეობა აქვს, და დამატებით მილიონების ხარჯვა არაფერში სჭირდება. პროვოკაციის რეალური მიზანი კი არა ფოთელების დასაქმება, არამედ ანაკლიის მოკვლა იყო. 

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები