19 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია - ოპოზიცია გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებულ ინიციატივას "ევროპული საქართველო" დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.

საქმე ეხება დაახლოებით ერთი წლის წინ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც არაჯეროვნად სრულდება. ოპოზიცია ითხოვს, საკანონმდებლო ორგანომ კიდევ ერთხელ დაავალოს მთავრობას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გააქტიურება, მისი გაფართოება და სიაში შეყვანილი პირების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ოპოზიცია ამ თემაზე სასაუბროდ პარლამენტში გენერალური პროკურორის მისვლას ითხოვს.

„გენერალურ პროკურორს მოუწევს პარლამენტში მოსვლა და პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ არ არის საქმე დაწყებული არცერთი იმ მიმართულებით,რომელიც გამოიწვევს ბრალის წაყენებას ერთის მხრივ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საოკუპაციო ძალებში ვინც მსახურობენ და მეორეს მხრივ იმ ადამიანებისთვის ვინც ვიცით,რომ ფიგურირებდა ოთხოზორიას მკვლელობაში ან ვინც ვიცით,რომ ფიგურირებდა გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაში,“-ამბობს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უნდა გაფართოვდეს. მისი თქმით, პროკურორს ასევე მოუწევს უპასუხოს კითხვას -სად გარბის.

„ეს სია უნდა იყოს ისეთი ფორმის როგორიც არის მაგნიტსკის სია ,უნდა გაფართოვდეს და ის ადამიანები უნდა მოხვდნენ რომელთა წინააღმდეგაც არ არის სისხლის სამართლის საქმე, თუმცა იკვეთება პოლიტიკური თუ სხვა სახის პასუხისმგებლობა,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერ დეპუტატთან იმსჯელოს ნებისმიერი დადგენილების შესრულების ეფექტურობაზე.

„მიზანი ყველას გვაქვს ერთი. საკითხებს, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ჩვენს წინა დადგენილების ეფექტიან რეალიზებასთან ამაზე შეგვიძლია მსჯელობა ნებისმიერ დეპუტატთან და მზად ვართ დისკუსიისთვის,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები