19 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
"მურუსიძის კლანი გაზავდება პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსნებით" - ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ახალ სცენარზე საუბრობს

"ქართული ოცნება" სასამართლო ხელისუფლების საბოლოოდ ხელში ჩაგდებას გეგმავს. "კურიერის" ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მთავარი კანდიდატი სწორედ ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი და ამჟამად მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე იქნება.

კიდევ ერთი ერთგული კადრი კი ივანიშვილს ირაკლი კობახიძის სახით ეგულება, რომლისთვისაც პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ადგილს ამზადებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის გეგმაა მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი გავლენა. "ნაციონალური მოძრაობის" თქმით, ყოფილი პრემიერი სასამართლოს იმაზე უარეს დღეში აგდებს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. 

„არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში იმ ფაქტმა,რ ომ 144 კაცი მონაწილეობს კონკურსში ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ეს სია არის იმაზე უარესი, ვიდრე იყო ის 10 კაციანი სია, რომელმაც საყოველთაო ვნებათაღელვა გამოიწვია შინ თუ გარეთ,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძე ამბობს, რომ საკადრო გადაადგილება ამ ეტაპზე არსებითი მნიშვნელობის არ არის, მისი თქმით, კობახიძეს ჯერ კიდევ ბევრი შავი საქმე აქვს გასაკეთებელი.

„დღეს არის ამ კომპრომატირებული მოსამართლეების დათრევის ამოცანა, მისი პირადი ბანკირებისა თუ ადვოკატების დაბინავების ამოცანა, ეს ამოცანა უნდა გააკეთონ იმათ ვინც არაერთხელ გაუკეთებია, დავინახავთ რომ ამ ადამიანების მთავარ ლობისტად პარლამენტი მოგვევლინება,“-აცხადებს გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სქემა საკმაოდ რეალისტურია, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ სასამართლოში რეალური ძალაუფლება მხოლოდ ერთ კლანს არ ექნება.

„სასამართლოშიც სრული ძალაუფლება არ ექნება მხოლოდ ერთ კლანს და მხოლოდ მურუსიძეს, სასმართლოში ვიღებთ ბევრად უარეს მდგომარეობას, როდესაც მურუსიძის კლანი გაზავდება პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსნებით,“-აცხადებს ბაქარაძე.

რაც შეეხება კობახიძის შესაძლო გადაადგილებას, ბაქრაძე ამბობს, რომ ივანიშვილი საკადრო ცვლილებებს მხოლოდ საკუთარი დაცვის საჭიროების მიხედვით აწყობს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ამ საკითხისა და სქემის განხილვა არ მომხდარა.

„მე არ მიკვირს და ეს ჩვეულებრივ მოვლენად გახდა, რომ ყველაფერში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელი დაინახონ და ყველაფერი მას და მის სახელს დაუკავშირონ. ყოველდღიურად ვისმენთ ასეთი ტიპის ბრალდებებს თუმცა ვფიქრობ,რომ ჩვენ სწორად და დემოკრატიულად მივდივართ,“-აცხადებს სოფიო კილაძე.

დღის ამბები