19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და არის თავისუფლებაზე - დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე რეაგირებას ითხოვს

მოზარდების მკვლელობის საქმე - სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე საგამოძიებო უწყებებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

სერგი კაპანაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა რელევანტურია

„დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და არის თავისუფლებაზე. ამ სასამართლომაც კი, რომელიც სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, არ გაიზიარა აბსურდული და კატასტროფული არგუმენტები, რომელიც გააჩნია პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში და ახლა უკვე სააპელაციო დონეზე საჩივრის დროს.

როგორც ჩანს, იმდენად მოერიდა სასამართლო იმ რისხვას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა არასამართლიან გადაწყვეტილებას, რომ პრაქტიკულად, პირველ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

ეს ნიშნავს იმას, რომ კომისიის დასკვნა არის ისევ რელევანტური და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება უმოკლეს ვადებში,”-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დავით სარალიძის მკვლელები, გამოძიებას არ გამოუვლენია. კონკრეტულად კი სასამართლოს წინაშე არ წარმდგარა სულ მცირე ერთი დამნაშავე, რომელმაც გ.ჯ.-სთან ერთად დავით სარალიძე ჯგუფურად მოკლა. ასეთია სააპელაციო ინსტანციის ვერდიქტი, რომლითაც სამართალდამცველებს დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეს სერიოზული ხარვეზები აქვს.

სააპელაციოს ვერდიქტით, დავით სარალიძე მოკლეს ჯგუფურად, და დღეს გისოსებს მიღმა ამ ჯგუფური დანაშაულის მხოლოდ ერთი მონაწილე ზის. სასამართლოს გადაწყვეტილებას ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები