19 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა - 144-კაციანი სია არასამთავრობოებში უნდობლობას იწვევს

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციანი სია, არასამთავრობო სექტორში უნდობლობას იწვევს. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიის მასშტაბურობის მიუხედავად, ძალიან ბევრმა ღირსეულმა იურისტმა კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სწორედ მმართველი გუნდის მიერ წარმართული პროცესების გამო, ბევრმა კვალიფიციურმა იურისტმა კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო.

„იმისთვის, რომ ეს პროცესი შეიფუთოს, შესაძლებელია, რომ რამდენიმე არჩეულ იქნას ზუსტად ასეთი ადამიანი, რომლის რეპუტაციასთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვის ნიშნები არ გვაქვს. მმართველმა პარტიამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ზოგადად, პროცესის მიმართ ნდობა არ ყოფილიყო მაღალი, ამიტომ, ძალიან ცოტამ შეიტანა ისეთმა, რომლის რეპუტაციასთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები არ გვაქვს და ძალიან ბევრი იურისტი, რომლის მიმართაც ნდობა არის საზოგადოების მხრიდან, ბევრმა გადაწყვიტა, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიეღო,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში სისტემაში არსებული ე.წ. კლანი რომ თავის მიზნების განხორციელებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ამაზე საუბრობს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კანდიდატებზე კითხვის ნიშნები არ იარსებებდა, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა შეიცვლებოდა.

„გრძელდება სპექტაკლი იმიტომ, რომ გვატარებენ რაღაცის გარშემო და საბოლოო შედეგი, ფინალი ნათელია, როგორიც იქნება. ფინალი იქნება ძლევამოსილი კლანის გამარჯვებით განხორციელებული, აუცილებლად იმიტომ, რომ სხვა შანსი არ არსებობს. სხვა შანსი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საბჭო იქნებოდა სხვა. კანონი გარკვეულ ნაწილში გაუმჯობესდა, მაგრამ ისეთი შავი ხვრელია დარჩენილი ამ კანონში, რომ ამ შავ ხვრელში 10 მოსამართლეს კი არა, ერთ ჯარს გაატარებ მოსამართლეების, ისე, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს და ასე ვთქვათ, არ იქნება პასუხისმგებელი არავინ არაფერზე,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები