19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
"ნანა კოსტავა წარმოადგენს ქალაქის სირცხვილს" - ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის წინააღმდეგ აქციები იწყება 

"ნაციონალური მოძრაობა" ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას ითხოვს. ამ მოთხოვნით, ხელისუფლების ოპონენტებმა საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გოგი შუშანია აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს პასუხისთვის ერთკვირიანი ვადა აქვს. 

გარდა ამისა, დღეს 17:00 საათზე, ნანა კოსტავასთვის საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, საპროტესტო აქციაც გაიმართება. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ პარასკევს მიმართა ოფიციალური წერილით საკრებულოს თავმჯდომარეს, სადაც მოითხოვა რიგ გარეშე სხდომის ჩანიშვნა, სადაც განხილული იქნება ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. თავმჯდომარეს აქვს ერთკვირიანი ვადა პასუხისათვის. ასევე, დღეს 5 საათზე იმართება საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია, სადაც მოითხოვენ ნანა კოსტავას უფლებამოსილების შეწყვეტას და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად შეუერთდება ამ საპროტესტო აქციებს, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე,“ - განაცხადა გიგა შუშანიამ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით გოგისვანიძე ამბობს, რომ ნანა კოსტავას ადგილი საკრებულოში არ არის და ის ქუთაისის სირცხვილია.

„ის წარმოადგენს ქალაქის სირცხვილს. საკრებულოში ნამდვილად არ უნდა იყოს ესეთი ადამიანი, რომელმაც ესეთი საქციელი ჩაიდინა. ალბათ, "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაცია მიიღებს ზომებს, რომ ნანა კოსტავამ დატოვოს ფრაქცია, მაგრამ ვერანაირად ვერ აიძულებენ, რომ დატოვოს ქუთაისის საკრებულო“- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაიფიქრა. ნანა კოსტავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა ცნობილია, რომ ის საკრებულოდან წასვლაზე უარს ამბობს. 

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სხვა და სხვა დროს არაეთიკური განცხადებები გააკეთა ჟურნალისტ სალომე ბარკერსა და მაია ასათიანზე. ასევე, ზუგდიდში მერის არჩევნების დღეს ერთ-ერთი უბნიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანისთვის მან პოლიციელები შეაქო. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები