19 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
"მართლმსაჯულების სისტემა არის გზაგასაყარზე"- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ნაწილს სამართლიანობის იმედი არ აქვს 

კონკურსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად და 144 კანდიდატი, საიდანაც 20 უნდა შეირჩეს. კონკურსში მონაწილეთა ნაწილი, პროცესს სკეპტიკურად უყურებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მოსამართლეობის კანდიდატები არიან ამბობენ, რომ ნაკლებად აქვთ იმედი, საბოლოო სიაში მოხვდნენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იურისტი, გამგეობის წევრი, დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ სამართლიანობის იმედი არ აქვს. 

„რამდენად სამართლიანი იქნება, ამის, გითხრათ სიმართლე, მე ნაკლები იმედი მაქვს. თვითონ სიაც კი ადასტურებს, ეს 150 კაციანი სია, იმ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას, რაც როგორც ჩანს, არის იურიდიულ საზოგადოებაში და პრაქტიკოს იურისტებში,“ - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში პირველად მონაწილეობს არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. მისი თქმით, დღეს მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მართლმსაჯულების სისტემა გზაგასაყარზეა.

„სწორედ იმის გამო, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი და შეიძლება ითქვას, ისტორიული მომენტიც, მართლმსაჯულების სისტემა არის გზაგასაყარზე. მოლოდინები მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არასერიოზული იქნებოდა ამ კონკურსში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლიდან, როდესაც ჩავაბარე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ვაკმაყოფილებდი მოსამართლისთვის საჭირო კრიტერიუმებს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის გარეშეც განხორციელდა რამდენიმე დანიშვნა, მას შემდეგ, რაც მე გამოცდა ჩავაბარე, მიუხედავად ამისა, არც ერთხელ მე მონაწილეობა არ მიმიღია არცერთ კონკურსში,“ - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები