ინტრიგნული შეკითხვაა! გამორიცხულია. ამ თემაზე განხილვა საკითხის არ მიდის - ასეთია გია ვოლსკის პასუხი კითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ის ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. არსებული ინფორმაციით , კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ხოლო გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნება.
გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე კარგად ასრულებს მის მოვალეობას. ხოლო რაც შეეხება თადუმაძეს, ის დამოუკიდებელია მის გადაწყვეტილებებში.
„მთავარი თემა ის არის რა მესიჯს ვაძლევთ საზოგადოებას. არის თუ არა მმართველი გუნდი მონოლითური და დამოუკიდებელი თავის არჩევანში თუ მართლაც როგორც ავრცელებენ ინფორმაციას ერთი კაცის იდეაზეა დამყარებული. არ არის ესე. აქ არის ძალიან ტრანსპარენტული, უკიდურესად მე ვიტყოდი, ხანდახან ზოგს ეჩვენება რომ ზედმეტადაც დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება. და ყველა ადამიანს მათ შორის შალვა თადუმაძესაც აქვს თავისი პირადი გადაწყვეტილებების მიღების რესურსი,"-განაცხადა ვოლსკიმ.
შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნაში სკანდალურს ვერაფერს ხედავს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმაში, რომ მოქმედმა გენერალურმა მოსამართლის თანამდებობა დაიკავოს, უცნაური არაფერია.
„თითქოს არის სკანდალური თემა, რომ პროკურორს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის იყოს უმაღლეს სასამართლო ორგანოში და მან განაცხადოს ასე ვთქვათ თავისი პრეტენზია იქ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. ვფიქრობ, რომ ეს სკანდალი ჩავარდება. ჯერ ერთ იმიტომ, რომ აქ არანაირი კანონდარღვევა არ არის და იურიდიულ საქმიანობაში, სასამართლოს მაღალ იერარქიაში საკუთარი პრეტენზიის გაცხადება თუნდაც ეს იყოს პროკურორის მხრიდან, ვფიქრობ, რომ ეს არ არის გასაკვირი. სიახლეებს უნდა ველოდოთ მაგრამ არა ვთქვათ რაღაც ვირტუალურს და სიზმრებში ნანახ, სკანდალის ფორმატში ძებნილს. არამედ ყველა ცვლილება უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.