„კითხვები მექნება საკმაოდ ბევრი, საკმაოდ მწვავე,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ, პრემიერის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას გააკეთა.
საქმე ეხება მამუკა ბახტაძის მოხსენებას, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა, თუმცა, დეპუტატებს ამ დრომდე 212-გვერდიანი დოკუმენტის ნახვის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზი კი პარლამენტის სერვერთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
ლევან კობერიძე ამბობს, რომ პრემიერთან არაერთი კითხვა ექნება, მათ შორის, მთავრობის მართვის ეფექტიანობასთან დაკავშრებით.
„კითხვები მექნება საკმაოდ ბევრი, საკმაოდ მწვავე, ჯერ ანგარიშსაც გავეცნობი, ვნახავ და ბევრი კითხვა მექნება, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით, მათ შორის პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით კონკრეტული მისი მთავრობის წევრების საკითხებზე, რაც წამოწეულია, ეს არის მართვასთან დაკავშირებით, ეფექტიანობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
პრემიერის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნა. ცნობილია რამდენიმე მიმართულება, რომელსაც ბახტაძე დოკუმენტში ეხება. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პენსია 2020 წელს 20 ლარით მოიმატებს.
ჩანაწერში ასევე საუბარია, რომ ქვეყანაში უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით გაუმჯობესებულია ეკონომიკური მდგომარეობაც.