დამოუკიდებელი იურისტების რეზოლუციას, რომელიც სასამართლოში კლანის არსებობის აღიარებას გულისხმობს “ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი იზიარებენ იურისტების მოსაზრებას, რომ სასამართლოს კლანი მართავს და ამას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაც ადასტურებს. სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კლანი კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს.
„ის რომ დღეს სასამართლოს კლანი მართავს, რომელიც პირდაპირ არის დაქვემდებარებული ხელისუფლებას სრულიად ნათელი არის. რა სიაც გამოქვეყნდა მსურველებისა,რომ უზენაეს სასამართლოში მოხვდნენ არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს კლანი არათუ წასვლას აპირებს ისინი აპირებენ კიდევ უფრო გაძლიერებას და მთელი სასამართლოს ხელში ჩაგდებას,“-აცხადებს კაპანაძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ რეზოლუციის პროექტის ავტორები და მათი მხარდამჭერები სასამართლო სისტემაზე მიზანმიმართული შეტევის განხორციელებას ცდილობენ.
„ყველანაირი მცდელობაა იმისთვის, რათა რევანში აიღონ იმ სასამართლოზე,რომელმაც ნაციონალური მოძრაობა გაასამართლა. არაკომპეტენტურობასთან ერთად არის ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებულობა, რომელიც ახასიათებთ იმ იურისტებს,რომელიც თქვენ მოიხსენიეთ,“-აცხადებს გია ვოლსკი.