თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
საუბარია ბოკერიას იმ განცხადებაზე, სადაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ მმართველი გუნდი ოქროყანაში, კრიმინალების დახმარებით ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს.
ბოკერია ამბობს, რომ ლადო კახაძისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ "ქართული ოცნება" სამი წლის წინ განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული დავით ციხელაშვილის გათავისუფლების პირობას იძლეოდა.
დავითულიანი ბოკერიას განცხადებას აბსურდულს უწოდებს. მისი განცხადებით „ევროპული საქართველოს“ -ს წევრი ურთიერთსაწინააღმდეგო და ცილისმწამებლური შინაარსის განცხადებებს აკეთებს.
„გიგა ბოკერიამ განაცხადა ამ ბრიფინგზე, თუ არ ვცდები ციხელაშვილი გვარი დაასახელა, რომ მესამე არჩევნები გავა ამ ადამიანის გათავისუფლების სანაცვლოდ. ხმების მოპოვების სანაცვლოდ ამ ადამიანის გათავისუფლებას ჰპირდება ხელისუფლებაო ოქროყანელებსო. თუ მესამე არჩევნებია ჰპირდება, ესე იგი არ გაუთავისუფლებია, ხომ მისივე ლოგიკით? ეწინააღმდეგება თავისივე სიტყვებს. აქედან გამომდინარე, სრული აბსურდია,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.