19 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"არ მიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა" - ქუთაისის საკრებულოს წევრი ”ქართული ოცნებიდან"

"არ მიტყდება ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა,“ - ეს განცხადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ”ქართული ოცნებიდან“, ალეკო ახალაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ის ემიჯნება კოსტავას განცხადებებს, თუმცა ასევე აზუსტებს, რომ მისი თანაგუნდელობის არ რცხვენია.

„ნანა კოსტავამ ძალიან შეუფერებელი ფორმით, მაგრამ გააკეთა აგრესია იმ მოვლენაზე, რასაც ჰქვია რწმენის შეურაცხყოფა, სხვათა შორის რწმენის შეურაცხყოფა ამ შეხვედრაზეც ვიგრძენი. მე ვემიჯნები ნანა კოსტავას  იმ გამონათქვამს, მაგრამ ერთმა ისიც კი მითხრა, არ გიტყდებაო ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნაო? არ მიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება იმ კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა, რომლებიც ჩვენთან არიან,“ - ამბობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ქართული ოცნებიდან” ალეკო ახალაძე.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოში დეპუტატის მანდატით სარგებლობა გააგრძელოს. 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია კი არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა პარტია „კონსერვატორებიდან“ გარიცხონ. ლატარიას თქმით, ამის შესახებ ის პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს უკვე ესაუბრა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები სამოქალაქო აქტივისტებსაც შეხვდნენ. როგორც, მმართველი გუდნის დეპუტატები ამბობენ, ისინი არ ეთანხმებიან კოსტავას სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, მაგრამ არ აქვთ ბერკეტი, საკრებულოს მანდატი ძალით დაატოვებინონ. მათი თქმით, თუ ნანა კოსტავა მიიჩნევს, რომ ცოდვა ჩაიდინა, ის მართლმადიდებელია და ეკლესიაში მოინანიებს ჩადენილს. 

"იმდენი ხმა მოუტანა „ქართულ ოცნებას“, რომ თქვენ რომ შეიკრიბო და გაათმაგოთ თქვენი სამოქალაქო აქტივობა, იმაზე მეტი იქნება,“ - განაცხადა დეპუტატმა.

მწვავე კრიტიკისა და საზოგადოების აღშფოთების შემდეგ კოსტავა მიდიოდა საკრებულოდან, თუმცა შემდეგ ეს გადაიფიქრა.

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს არაეთიკური განცხადებები გააკეთა ჟურნალისტ სალომე ბარკერსა და მაია ასათიანზე. ასევე, ზუგდიდში მერის არჩევნების დღეს ერთ-ერთი უბნიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანისთვის მან პოლიციელები შეაქო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები