ხელისუფლება შავ პიართან ერთად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებს იყენებს - ამის შესახებ განცხადება შალვა შავგულიძემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ არ ერიდება ბინძური მეთოდების გამოყენებას და ეს კამპანია ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო.
შალვა შავგულიძის განცხადებით, მას პირადად აწვდიან ამომრჩევლები ინფორმაციას, რომ კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტები მათ აშინებენ.
გაუძლებს თუ არა სახელისუფლებო წნეხს და დაშინებას ამომრჩეველი - შალვა შავგულიძე ამბობს, რომ საარჩევნო კაბინაში მოქალაქეები არიან მარტო და მათ იქ ვერავინ გააკონტროლებს.
"გავლენა არის ხელისუფლების მხრიდან, ეს მანამდე სანამ ამომრჩეველი შევა კაბინაში. ის არ უნდა დაექვემდებაროს ამ გავლენას. მას არ უნდა შეექმნას ამ გავლენიდან გამომდინარე ის განწყობა, რაც სინამდვილეში არ არის მისი,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შალვა შავგულიძემ ოპოზიციის გამარჯვების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთადერთი შანსი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დამარცხდეს, არის გაერთიანება და სწორედ ამიტომ აირჩია "თავისუფალმა დემოკრატებმა" "ევროპული საქართველო". მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ პარტიას განსხვავებული პოლიტიკური წარსული აქვს, მათ იპოვეს თანხვედრა მომავლის ხედვასა და წარსულის შეფასებაში.
„მე პოზიციები არ შემიცვლია, როგორც მიმაჩნდა, რომ უსამართლობასთან შეგუება არ შეიძლებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში არ შეიძლება უსამართლობასთან შეგუება და არანაკლები უსამართლობა ხდება დღეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ გადმოიბარა "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ის სასამართლო კორპუსი, რომელიც მაშინ გამოირჩეოდა ყველაზე დიდი უსამართლობით, მურუსიძე და სხვები და სხვები. რატომ "ევროპული საქართველო"? როდესაც დგება აუცილებლობა ხელისუფლების შეცვლის, ოპოზიცური ძალა, ისევე როგორც ოპოზიციურად განწყობილი პერსონა ეძებს გზებს, როგორ შეიძლება ამის განხორციელება. რამდენადაც დამოუკიდებლად მე ვფიქრობ არც ერთ ოპოზიციურ ძალას, დღეს არ ძალუძს დაამარცხოს "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში იწყება ძებნა ერთმანეთთან ძალების გაერთიანებისა. ასეთ შემთხვევაში თანხვედრას პოულობენ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მეტი აქვთ ღირებულებითი თანხვედრა. ერთნაირად ვაფასებთ იმ წარსული დაპირისპირებების მიზეზებს. "ევროპული საქართველოს" ლიდერები აღიარებენ, რომ მათ ჰქონდათ ჩავარდნა, დიდი ჩავარდნა,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ და აღნიშნა, რომ "ევროპულმა საქართველომ" საკმაოდ დიდი პოლიტიკური საზღაური გადაიხადა იმ შეცდომებისთვის, რომელიც დაუშვა.
შავგულიძის თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" მხოლოდ "ევროპულ საქართველოსთან" არ თანამშრომლობენ. მისივე განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს მის კანდიდატურას, მათ შორის არიან ისეთი პარტიები, რომლებთანაც "თავისუფალ დემოკრატებს" წარსულში უთანხმოება ჰქონდა.
მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის ერთადერთი კონკურენტი „ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძეა. არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება.