„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს ფიქრია ჩიხრაძე მხარდაჭერას უცხადებს. პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მისი თქმით, თუ ამჯერადაც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, მაშინ შესაძლოა, ამომრჩეველში გაჩნდეს უიმედობის განცდა, რომ მას არაფრის შეცლა არ შეუძლია.
„მოსახლეობას, ამომრჩეველს, სამწუხაროდ, არა ერთ მიჯნაზე გასჩენია ეს დამოკიდებულება, რომ არჩევნებით და ჩემი ერთი ხმით არაფერი შეიცვლება. ამ დროს ეს კატეგორიულად არ არის ასე. 2012 წელი მეტყველებდა ამაზე, რომ ცვლილება გარდაუვალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მაშინაც ფიქრობდა, რომ ეს ცვლილება ვერ განხორციელდებოდა. დღესაც, 9+7 წელია გასული, აღარაფრით აღარ ჩამოუვარდება განვლილ გზაში "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას". მით უფრო თუ იტყვით იმას, რომ სისტემურად რაც ცუდი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი შეინარჩუნა "ქართულმა ოცნებამ,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მას აქვს მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხება და იცის მათი განწყობა. მისი თქმით, მთაწმინდის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ შალვა დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს... თუ ჩვენ გვინდა, რომ ერთპარტიული და ერთი ადამიანის მმართველობა ქვეყანაში შეიცვალოს, ამისთვის ყველა ეს კომპლექსი, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთობებთან, უნდა გადაიდოს გვერდზე და ყველამ თავისი წილი აგური, გირი უნდა დადოს იმ პინაზე, რომ როგორმე ერთპარტიული მმართველობა დავამარცხოთ და საფუძველი დავუდოთ საქართველოში მრავალპარტიულობას,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.