19 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გაეროში - ზალკალიანი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას

საქართველოს მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია გაეროში - „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია 45-მა ქვეყანამ წარადგინა და უმრავლესობამ მას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტში დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები. რეზოლუცია ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებს და მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

რეზოლუციის წარდგენისას გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა.

მიღებული რეზოლუცია თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ საქართველოს მხარდაჭერა ურყევია საერთაშორისო ასპარეზზე.

„პირველად ჩვენ გავხსენით ეს რეზოლუცია თანასპონსორობისთვის და საქართველოსთან ერთად, 44-მა წევრმა ქვეყანამ დაასპონსორა ეს რეზოლუცია. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან 45 წევრი ქვეყანა იძენს ამ რეზოლუციას, როგორც საკუთარს. ამით ამ რეზოლუციას ენიჭება დამატებითი მნიშვნელობა და წონა. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ რეზოლუცია თავისი შინაარსით უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც ხაზს უსვამს ისეთი ფუნდამენტური უფლების განხორციელებას საერთაშორისო სამართლის ისეთი პრინციპის, როგორიც არის იძლებით გადაადგილებულ პირთა უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში და ასევე, ჰქონდეთ წვდომა საკუთარ საკუთრებაზე, რაც მათ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წელს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვმა 79 შეადგინა. მხოლოდ 15 იყო წინააღმდეგი, ხოლო 57-მა თავი შეიკავა. სომხეთმა, რომელიც მუდმივად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს თავი შეიკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები