19 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
საქართველოს პრემიერმა აშშ-ს საელჩოს ღონისძიების სტუმრების სიაში ჩამატება თავად მოითხოვა - ბრიუსელის საიდუმლო შეხვედრის ახალი დეტალები 

პრემიერის საგანგებო მისია ბრიუსელში და ახალი დეტალები, რომელიც ადასტურებს, რომ მამუკა ბახტაძე ბრიუსელში სწორედ ვოლოდიმერ ზელენკისთან კომუნიკაციის მიზნით ჩავიდა.

დღეს ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრემიერმა, ამერიკის საელჩოს ინიციატივით გამართული ღონისძიების სტუმრების სიაში ჩამატება თავად მოითხოვა და საგანგებოდ დაესწრო ვახშამს, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა. 

მამუკა ბახტაძის ბრიუსელში გამგზავრებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე,სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პრემიერი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მითითებით გაემგზავრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სურვილი იყო, მამუკა ბახტაძეს ზელენსკისთვის მისი გზავნილი გადაეცა.

„ქვეყანას რეალურად, მართავს ფეოდალივით ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საკუთარ ხელის ბიჭებს, სადაც დასჭირდება, იქ სასწრაფოდ მიაგზავნის. დაახლოებით, ესე გამოიყურება ერთი დღით ადრე, ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი პრემიერ მინისტრის, რომელიც იქ არავის არ შეხვედრია. გაჩერდა სპეციალურად იმავე სასტუმროში, სადაც ცხოვრობდა ზელენსკი, რომ დერეფანში ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადაეცა მისთვის. ეს არის პირველ რიგში ქვეყნის შეურაცხყოფა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის პრეცედენტები არ ახსენდება, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერი, მესამე ქვეყანაში, სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრება.  

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოფიციალურად ვერავინ იტყოდა, რომ მამუკა ბახტაძე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად მიდიოდა. 

„არ მახსენდება ჩემი დიპლომატიური საქმიანობიდან და გამოცდილებიდან არც ერთი შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ მინისტრებს მიიწვევდა რომელიმე საელჩო საკუთარი ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, ქვეყანაში და ესეც მეჩვენება ძალიან უცნაურად. როდესაც საუბრის თემა არც რუსული ოკუპაციაა, არც საერთო გამოწვევები, არამედ კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის აკვიატებული იდეა მიხეილ სააკაშვილს სახით და მიხეილ სააკაშვილის მომავალი, რა თქმა უნდა, ისინი ვერ განაცხადებდნენ, რა იყო ამ სამარცხვინო, ძალით დაგეგმილი შეხვედრის მიზანი“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუკი საქართველოს უკრაინასთან კარგი ურთიერთობის დამყარება სურს, ბოლო 7 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის შეხვედრა უნდა შემდგარიყო. 

„თუ სტრატეგიულ პარტნიორთან გსურს მნიშვნელოვანი და კარგი ურთიერთობა გქონდეს, რაც საქართველოს ინტერესშია უკრაინის შემთხვევაში, 7 წლის განმავლობაში ორმხრივი ვიზიტი უნდა შედგეს პრემიერ მინისტრის კიევში და ხელს არ უნდა კრავდეს სტრატეგიულ პარტნიორს ყველა ეტაპზე. მერე უცებ რომ მოგინდება რომ დაამყარო კარგი ურთიერთობა, ეს რთულდება. შედგა შეხვედრა შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორებთან აღმოსავლეთ ევროპაში. იქ იყო უკრაინის საკითხი და არ იყო საქართველოს საკითხი და არ იყო საქართველოს პრემიერი. ეს არის ნიშანი ჩვენი პრობლემის“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები