„ხელისუფლებას მისი ხელჩაკიდებულება კლანთან, უკვე ძალიან ძვირი უჯდება“-ასე ეხმაურება Freedom house-ის მწვავე ანგარიშს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს სახელმწიფოს იმიჯი ილახება სწორედ კლანური ინტერესების გამო.
„უარესი პრობლემაა, რომ კლანის რეპუტაცია ჩვენ, როგორც სახელმწიფოს გვიჯდება ძვირი. არ შეიძლება მართლა, რომ ჩვენ ვაშინგტონიდან და ნიუ-იორკიდან და პარიზიდან გვახსენებდნენ მურუსიძე-ჩინჩიალაძეს. ამ დონემდე მივედით ჩვენ მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა. იმიტომ რომ ამ კლანის ერთგულება ვიღაცისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სახელმწიფო ინტერესები,“-განაცხადა ანა დოლიძემ.
Freedom house-ის ანგარიშზე საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილი. მისი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაცია ზუსტად აღწერა ის პრობლემები რაც სასამართლოს სისტემის შიგნით არის და რომელსაც ის კარგად იცნობს.
„რადგან საბჭოს წევრი ვარ შიგნიდან ვხედავ უფრო მეტ პრობლემას. და ვფიქრობ, რომ დროულად, მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დაიწყოს ძალიან სერიოზული რეფორმები,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
Freedom house-ის რეიტინგში, საქართველო უკან იხევს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ორი უმთავრესი გამოწვევა აქვს. პირველი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არ არჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს მხრიდან ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა. Freedom house მიუთითებს, მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომლის მიხედვით 5 შესაძლო ქულიდან, საქართველომ მხოლოდ 2 დაიმსახურა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა. უკუსვლის მიზეზად, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მისი გავლენები სახელდება.