პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე და მიხელ კალანდიას დაკავება განხილვის მთავარი თემა იყო. სხდომაზე, საგამოძიებო კომისიის მუშაობა კიდევ ერთხელ შეაფასეს.
"ევროპული საქართველო" სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს და პარლამენტს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს.
„რჩება ასე ვთქვათ, მეორე ნაწილი რეკომენდაციებისა, რომელიც ჯერ არ არის შესრულებული. ეს რეკომენდაციები ეხება სამოხელეო დანაშაულის გამოძიებას და დღეს, გუშინდლის მერე ფაქტობრივად, სახეზეა რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდიოდა. აქ არის გარკვეული დარღვევები რომელიც, აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,“ - განაცხადა სერგი რატიანმა.
გარდა ამისა, სერგო რატიანმა, ბიუროს სხდომაზე, TBC ბანკის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც დააყენა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებს, გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა.
„ხორავას საქმეზე შექმნილ კომისიას, ჩვენ არა ერთგზის, საჯაროდ გადავუხადეთ მადლობა კომისიის ხელმძღვანელობას, კომისიის თითოეულ წევრს გაწეული მუშაობისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო შესრულებული სამუშაო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.