„გენპროკურორი შოთაძე არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სისხლის სამართლებრივად არის პასუხისმგებელი,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ საუბრისას გააკეთა.
ოპოზიციური პარტია იმ გამომძიებლების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილებლობაზე საუბრობს, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გაყალბებასა და მტკიცებულებების განადგურებაში მონაწილეობდა.
ელენე ხოშტარიას თქმით, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ეკისრებათ.
დეპუტატი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების სისწორე, რომელიც საქმის დარღვევით გამოძიებაზე მიუთითებდა.
„გენპროკურორი შოთაძე არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სისხლის სამართლებრივად არის პასუხისმგებელი იმიტომ, რომ მან იცოდა კონკრეტული, გამრუდებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, იცოდა, რომ არ ამოიღეს კალანდიას ტანსაცმელი, იცოდა, რომ ამ ადამიანების მიმოწერა არ ამოიღეს. მან ხელი შეუწყო საქმის გამრუდებას. მეორე მაგალითი არის ზვიად ფხაკაძე. მთავარი მოქმედი პროკურორი, რომელსაც მიჰყავდა ეს საქმე. ეს ადამიანი იყო პირდაპირ წარმოდგენილი გამყალბებელ პროკურორად, რომლის მთავარი ფუნქცია იყო მიხეილ კალანდიაზე ხელის დაფარება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულს ბრალი არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ედება.