19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
საქართველოში საბჭოთა "სუკის" აგენტურა მოქმედებს - „თავისუფალი რუსეთის" შემაშფოთებელი ანგარიში

საქართველოში საბჭოთა "სუკის" აგენტურა მოქმედებს - ამ დასკვნას შეერთებულ შტატებში მოქმედი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთი“ აქვეყნებს. ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ მოვლენების ანალიზის და დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ რუსეთი საქართველოში მისი ინტერესების გამტარებელ პოლიტიკოსებს ლობირებს და არჩევნებში ერევა.

ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ისმის ბრალდებები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დახმარებით ქვეყანა რუსეთის აგენტებით გაივსო. მსგავსი შეფასება დასავლელი ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ არის. ჯეიმსთაუნის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი სვამს კითხვას, რამდენი ოფიცერი გამოავლინა და დააკავა ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ.

„სუკის" რამდენი ყოფილი ოფიცერი დააპატიმრეს? ბოლო 3-4 წელიწადში რამდენი რუსის დეპორტირება მოხდა საქართველოდან? რამდენი მათგანი დააპატიმრეს? არც ერთი. ასე, რომ შეკითხვა ის არის, რატომ არ აკეთებს მეტს საქართველოს მთავრობა რუსეთის გავლენაზე მეთვალყურეობისთვის, მასთან საბრძოლველად და შესაკავებლად? ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს შიგნით რუსული გავლენის გაძლიერებაა,“ - განაცხადა ჰოვარდმა.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში რუსული პროპაგანდისტული მედიის გავლენა. მათ შორის "სპუტნიკის", რომლის ერთ-ერთი რედაქტორი მარატ კასემი ლიტვამ ცოტა ხნის გააძევა. საქართველოში კი „სპუტნიკი“ პოპულარულია. ანგარიშში საუბარია რუსულ საფრთხეებზე ოკუპირებულ რეგიონებში, ეკონომიკურ ზეწოლაზე, ასევე კრემლის მხრიდან რელიგიური მექანიზმების გამოყენებაზე.

"თავისუფალი რუსეთის" ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მიზეზებს, რამაც 2008 წლის აგვისტოს ომი გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მიერ რუსული ბაზების დახურვა და ქვეყნის სურვილი, გამხდარიყო ნატოს წევრი, რამაც სააკაშვილს და პუტინის შორის მრავალწლიან უთანხმოებას დაუდო საფუძველი, ამ ომის წინაპირობა იყო.

ხელისუფლების გუნდი ანგარიშში მოყვანილ ფაქტს, რომ "სუკის" აგენტები ქვეყანაში სამუშაოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდნენ, კატეგორიულად არ ეთანხმება.

ოპოზიცია კი ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტურის გაძლიერების ხელშემწყობად სწორედ „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.

დღის ამბები