19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ივანიშვილის ფული რუსულ ორგანიზაციებში - "ქართუ" კრემლთან ერთად „რუსული კლუბის“ საქმიანობას აფინანსებს 

ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუს“ მიერ დაფინანსებული რუსული ორგანიზაციები - "რუსული კლუბის” დირექტორი, ნიკოლაი სვენტიცკი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის დაფინანსებით, თბილისში გრიბოედოვის თეატრის შენობა გარემონტდა, „ქართუ“ აფინანსებს „რუსული კლუბის“ საქმიანობასაც. ნიკოლაი სვენტიცკი საქართველოში „რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს" ხელმძღვანელიცაა. ამბობს, რომ ივანიშვილის „ქართუ“ სისტემატიურად ეხმარება.

„ქართუსა“ და ვლადიმერ პუტინის მიერ დაფუძნებული ფონდის "რუსული სამყაროს" მხარდაჭერით, თბილისში ამავე სახელწოდების ჟურნალიც გამოიცემა. სვენტიცკი ადასტურებს, რომ რუსული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები 2 ძირითადი წყაროსგან ფინანსდებიან - პირდაპირ რუსეთიდან და ფონდი „ქართუსგან“. ფონდი „ქართუ“ სტიპენდიის სახით ყოველთვიურად, ნიკოლაი სვენტიცკის 3 ათას ლარს ურიცხავს.

საქართველოში „რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო" 21 ორგანიზაციას აერთიანებს. აქედან 10 ორგანიზაცია თბილისში მდებარეობს, 3 აჭარაში, 2 რუსთავში, თითო-თითო ორგანიზაცია მარნეულში, ფოთში, ქუთაისში, ნინოწმინდაში, სენაკსა და გორში. საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც ნიკოლაი სვენტიცკი ხელმძღვანელობს, 2019 წლის გეგმა უკვე დასახა. შეხვედრას თბილისში მყოფი მთავრი რუსი დიპლომატი, ევგენი კონიშევიც ესწრებოდა. კონიშევმა ორგანიზაციებს ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა გადასცა და ფინანსურ დახმარებას დაპირდა.

ჰიბრიდული საფრთხეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშიც მოხვდა. თუმცა, საიდან მოდის ეს საფრთხე, ქვეყანა დაკონკრეტებული არ არის. იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერი რუსეთის ინტერესების სექციასთან ერთად, ჩრდილოელი მეზობლის იდეოლოგიის გამავრცელებელ ორგანიზაციებს აფინანსებს, ჩნდება კითხვა, ებრძვის თუ აძლიერებს ხელისუფლება რუსულ ინტერესებს საქართველოში. 

დღის ამბები