„ქართული ოცნების“ გენერალური პროკურორი შესაძლოა, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გახდეს.
პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობას გიორგი გახარიას კადრი დაიკავებს. გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდება, რაც შალვა თადუმაძე მთავარი მბრალმდებლის პოსტიდან უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, ივანიშვილის პირად ადვოკატს მოსამართლეობაზე განაცხადი უკვე წარდგენილი აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, ვიდრე საპროკურორო საბჭო არ შეარჩევს კანდიდატურას, მანამდე ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა.
„ჯერ საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს კანდიდატურა და ამის შემდეგ უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. ვიდრე ამ პროცედურას არ გავივლით, მანამდე ბუნებრივია გაგვიჭირდება კონკრეტული განცხადების გაკეთება. დაველოდოთ საპროკურორო საბჭოს.
ზოგად კრიტერიუმებს რაც შეეხება, ბუნებრივია გენერალური პროკურორი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ის მიუკერძოებლად უნდა ახორციელებდეს საკუთარ უფლებამოსილებებს. იმ ეტაპზე როცა საერთოდ არ დაწყებულა პროცესი ნაადრევია კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი, აქედან გამომდინარე, ამას დავარქმევდი მე მორიგ სპეკულაციას. სანამ ჩანასახი არ გვექნება პროცესის მანამდე ადრეა ამაზე საუბრის დაწყება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გახარიას გავლენების გაძლიერების მცდელობა ნათელია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, დიდი მნიშვნელობა არც იმას აქვს, ვინ იქნება გენერალური პროკურორი, რადგან ეს სისტემა მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ხელშია.
"ადამიანის ცვლილებას ამ სისტემაში მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს მეზვრიშვილი, რომელიც გახარიას პირდაპირი მორჩილი ადამიანია, თუ სხვა ადამიანი, ერთი ნიშანი იქნება, სანამ ივანიშვილია ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში არ იქნება ადამიანის უფლებები დაცული,"-აცხადებს აკაკი მინაშვილი.
„ევროპულ საქართველოში“ სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ირაკლი აბესაძის თქმით, პრობლემა არის არა ახალ კადრებსა და სისტემის ხელმძღვანელში არამედ სისტემაში, რომელიც ერთ ადამიანს და ერთ პარტიას ემსახურება.
„ასეთი სისტემის პირობებში მასზე გავლენა ექნება გახარიას თუ სხვა მაღალჩინოსანს ივანიშვილის კარზე, სისტემის ხელმძღვანელი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გახდეს მდუმარე მსახური ამ სისტემის და ის ვერ შეძლებს რადიკალურად სისტემის გარდაქმნას,“-ამბობს აბესაძე.