ამ ადამიანებს უამრავი ფული შეაქვთ ბიუჯეტში და პატივი უნდა ეცა ხელისუფლებას - ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტი ხელისუფლების მიერ ფარულად მიღებულ ახალ რეგულაციებს ეხმაურება.
საუბარია, 31 მაისს მოულოდნელად მიღებულ ფარულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის განბაჟების ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდებათ.
სიახლე ეხება ე.წ. "ოქროს სიაში" მყოფ ორგანიზაციებსაც, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. გარდა იმისა, რომ ახალი რეგულაცია ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვება, თემურ ჭყონია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით, გადასახადების გადამხდელების მიმართ უპატივცემულობა აჩვენა.
"ეს რაც არის მოტივაციისათვის, რომ სახელმწიფოში არსებობს ოქროს სია, შეგიძლია მიხვიდე და სხვა შეღავათები მიიღო, ესეც მოტივაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომ ვიღაც წაახალისო - მე არ ვყოფილვარ. ფინანსთა მინისტრს შეეძლო ამის გამოცხადება ერთი თვით ადრე, ბიზნესმენებისთვის ეცნობებინა, პატივი ეცა გადასახადების გადამხდელებს, რომელსაც ბიუჯეტში შეაქვთ უამრავი ფული, თავის რისკზე აფუძნებენ ბიზნესს, თავის რისკზე გამოაქვთ ბანკებიდან სესხები, დებენ უშველებელ შრომას, რომ შექმნან სამუშაო ადგილები და ეს ხალხი იმსახურებს ელემენტარულ პატივისცემას,"-აცხადებს თემურ ჭყონია.