ვინ გახდება ახალი გენერალური პროკურორი - საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ღიად ამბობს, რომ ნეიტრალური და დამოუკიდებელი ფიგურის მოძებნა გართულდება. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, ეს გარკვეული ფორმით საზოგადოების დაკვეთაც იყო.
„პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როგორც ჩანს, მყისიერად მიღწევადი ფაქტორი არ არის. ამას სჭირდება გამოცდილებაც, წლებიც, საზოგადოების უფრო მყარი ფორმირება, რათა ის რეაგირებდეს უფრო მყისიერად ნებისმიერ მისთვის მიუღებელ გამოწვევაზე და მხოლოდ არჩევნებზე რომ არ მოდიოდეს. დახვეწადი პროცესია. ვფიქრობ, რომ გამოწვევები ისევ დარჩება, ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ იქნება გაუმჯობესება. ამის იმედი, რა თქმა უნდა, მაქვს. საზოგადოებისა და მთავრობის დამოკიდებულება დღეს არ არის სტანდარტული. ის, რასაც ვეძახით ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, ეს არ არის მხოლოდ მის მიერ თავს მოხვეული ფორმა. ეს გარკვეული ფორმით საზოგადოების დაკვეთა იყო მის მიმართაც,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდება ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.