ჰესის მშენებლობა და დაპირისპირება პანკისში, ფოთის პორტის მშენებლობის საიდუმლო დოკუმენტი, ხელშეკრულება გაზპრომთან და ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა - ამ ძირითად საკითხებზე მწვავე კითხვებს დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს დაუსვამენ.
კრიტიკული კითხვების ჩამონათვალში ერთ-ერთი მთავარია ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხიც. ნათია თურნავა პარლამენტში უკვე მივიდა. მან პირველი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მზად არის კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. მისი თქმით, დღის წესრიგით რამდენიმე სადეპუტატო მწვავე შეკითხვას ელოდება. გარდა ამისა, მინისტრი ამბობს, რომ კანონმდებლებს უწყების სამოქმედო და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
„დღის წესრიგით გვაქვს რამოდენიმე სადეპუტატო შეკითხვა სხვადასხვა მწვავე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ვაპირებ გავცე ამომწურავი პასუხი. ასევე დეპუტატებს აქვთ სურვილიო მოისმინონ და მე ვაპირებ გავუზიარო ჩვენი ხედვები და უახლოესი პრიორიტეტები განსაკუთრებით ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიც არის სიღარიბის დაძლევა, როგორიც არის უფრო მეტად კოორდინირებული და ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკა და გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება. დანარჩენზე შემდეგ,“-განაცხადა ნათია თურნავამ.