პანკისში განვითარებულ მოვლენებზე ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი და ეკონომიკის სამინისტროსი - ამის შესახებ განცხადება, ნათია თურნავამ გააკეთა. ეკონომიკის მინისტრი ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
ნათი თურნავას განცხადებით, როგორც აღმოჩნდა, პანკისში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო.
„ის რაც მოხდა, რასაკვირველია, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა. და როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას ამ შექმნილ პრობლემაზე. და არა მარტო. მე ამასთან დაკავშირებით დავინახე ძალიან, ასე ვთქვათ დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების. ანუ პანკისის და სხვა რამოდენიმე მსგავსმა შემთხვევამ, როდესაც ძალიან საჭირო ქვეყნისთვის პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო ბრკოლდება და ვერ ხორციელდება დროულად, ამან დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილშიც, უკეთესი კომუნიკაცია რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მცირე ჰესებთან დაკავშირებით პანკისის მოსახლეობასთან გაგრძელდება კომუნიკაცია.
„დღეს ეს საკითხები ძირითადად არის ინვესტორსა და მოსახლეობას შორის ორ მხრივ რეჟიმში წარმოებული. მათშორის პანკისის შემთხვევაშიც ინვესტორი დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში აწარმოებდა ამ კომუნიკაციას მოსახლეობასთან და იყო განსხვავებული განცდა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შედეგიანია ეს კომუნიკაცია. ჩვენ ვნახეთ რომ არ იყო შედეგიანი ეს კომუნიკაცია,“-განაცადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში, ჰესის მშენებლობის დაწყების მცდელობა დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივი მოსახლე ადგილზე ჩასულ სპეცრაზმს დაუპირისპირდა.