„ერთადერთი, რაზეც მეტყველებს ძალიან მკაფიო დარღვევა, რომ გადასატან ყუთებში, დავრდომილთა სიებში ჰყავთ შეყვანილი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანები, მეტყველებს „ქართული ოცნების“ პანიკაზე,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საარჩევნო დარღვევების შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტიის ოფისში გაკეთდა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება. მან კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომლითაც დგინდება, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი პირები გადასატანი ყუთის სიაში არიან დამატებული. ხოშტარიას თქმით, არჩევნების წინ გადასატანი ყუთის სია ხელოვნურად არის გაბერილი. ოპოზიციის წევრი ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს, რომ ამ ადამიანების გვარები სიიდან დაუყოვნებლივ ამოიღონ.
„გუშინ დასრულდა გადასატანი ყუთების სიის შედგენა, სულ რამდენიმე საათში ამ სიების შესწავლიდან სიაში აღმოვაინეთ დარღვევები, მე-18 უბანზე ქალბატონი ეთერ დანელია დამატებულია გადასატან ყუთში და დღეს დილით ვნახე, რომ ის თავისუფლად ფიზიკურად გადაადგილდება თავის უბანში. ასეთივე შემთხვევა აღმოვაჩინეთ მე-12 უბანზე, სადაც ქალბატონი ლამარა კუბლაშვილი, რომელსაც არანაირი ფიზიკური დაბრკოლება არ აქვს უბანზე მისვლის.
"234 ამომრჩეველია დამატებული სამ კვირაში გადასატანი ყუთის სიაში. ეს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უბნებზე მისვლა, სახლში მისცემენ გადასატანი ყუთით ხმას, ისნი არ გადიან მარკირებას და შეუძლიათ, დაატრიალონ კარუსელი და მეორედ მისცენ ხმა უბანზე მისვლით. გადასატანი ყუთების სიის ხელოვნური ზრდა უკავშირდება იმას, რომ შეუძლებელია ასეთ ხმის მიცემის დროს ფარულობის დაცვა. ვიცით, რომ თავზე ადგანან "ოცნების" წარმომადგენლები, აშინებენ, ზეწოლა ხდება ადამიანზე, მათ თვალწინ ხდება შემოხაზვა. ასეთი მანიპულაციებით არჩევნებს ვერავინ მოიგებს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.