„ხვალ, 9 ივნისს მთაწმინდაზე, გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ელენე ხოშტარიამ ის კამპანია შეაფასა, რომელიც შალვა შავგულიძის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ”ევროპული საქართველოს” წევრმა მაგალითად ის დარღვევები მოიყვანა, რომელსაც ხელისუფლების წევრები წინასაარჩევნოდ აქტიურად მიმართავდნენ.
„ეს იყო ძალიან ბინძური კამპანია, სადაც შეშინებული ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვით, ძალაუფლების არჩევნების გზით დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება მიდიოდა ყველაფერზე. ჩვენ ვნახეთ ბანერებით შეშინებული მერია და „ქართული ოცნება", რომელიც დისკრიმინაციულად გავარდა და ჩამოხია შალვა შავგულიძის ბანერი და ამაზე მიიღო ღირსეული პასუხი მთაწმინდის ამომრჩევლისგან, რომლებმაც თავად გადმოკიდეს თავიანთ სახლებზე თავიანთი არჩევანი. ჩვენ ვნახეთ, პატიმარი ადამიანით სპეკულირება ოქროყანაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შალვა შავგულიძის დისკრედიტაციის მიზნით, უამრავი ხერხი იყო გამოყენებული.
„მინდა, მოგახსენოთ ანგარიშის შესახებ, რომელიც გააკეთა აბსოლუტურად ობიექტურმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, "სამართლიანმა არჩევნებმა", რომელმაც გამოიკვლია Facebook-ზე კამპანია და პირდაპირ თქვა, რომ სიძულვილის, ტყუილების კამპანია შალვა შავგულიძის დისკრედიტაციის მიზნით, იყო ორკესტრირებული და დაგეგმილი,“ - ამბობს ელენე ხოშტარიამ.
ბრიფინგზე განცხადება გააკეთა "თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ. მან მთაწმინდელ ამომრჩეველს საარჩევნო ყუთებთან მისვლა და შალვა შავგულიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ქართული ოცნება" მეორე ტურის წინ დაგვპირდა, რომ სრულ მობილიზაციას მოახდენდა და მან ეს დაპირება მართლაც შეასრულა და მოახერხა, ყველა ბინძური ხერხის და მეთოდის მობილიზება.... ძვირფასო ამომრჩეველო, მე მგონი ასეთი ნათელი არჩევანი იშვიათად გვქონია იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი, სად არის პატიოსნება და სად არის უსინდისობა, სად არის ღირსება და სად არის უღირსობა,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.