19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
საკრებულოს თავმჯდომარემ ვერა-მთაწმინდის აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩეველი რესტორანში დაპატიჟა 

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ რესტორან „აღაში“ ვერა-მთაწმინდის აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩეველი დაპატიჟა. წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრას სახელისუფლებო კანდიდატის ნაცვლად,  საკრებულოს თავმჯდომარე მართავს. 

ტყემალაძე ამბობს, რომ ის რესტორანში ადგილობრივების მიწვევით მივიდა. გიორგი ტყემალაძე ამომრჩევლების რესტორანში დაპატიჟებასა და ხვალინდელი არჩევნების კავშირს გამორიცხავს. 

„მე ვიმყოფები დღეს აქ დაპატიჟებული ჩემს ახლობლებთან, ნაცნობებთან ერთად, შაბათ დღეს, ვსადილობთ, ვსაუბრობთ და ა.შ. საერთოდ, რა შუაშია არჩევნები. აქ არიან ადამიანები, რომლებთანაც ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გამაჩნია. ეს მათ შორის ადგილობრივი აზერბაიჯანელებიც, არა აზერბაიჯანელებიც და არა ადგილობრივებიც. აქ არის, ალბათ, 15-20 ადამიანი, რომელთან ერთადაც მოვედი, დაპატიჟებული ვარ, ვსადილობთ. რამე პრობლემაა?“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე. 

„კურიერის“ ჯგუფის გამოჩენის შემდეგ, კომენტარი შეხვედრის ორგანიზატორმაც გააკეთა და თქვა, რომ უბნელების შეკრებაზე, ამომრჩეველთან ერთად, საკრებულოს სხვა წევრებიც ქეიფობენ.

„რესტორანში მოვიწვიეთ ჩვენი უბნელები და არა მარტო უბნელები, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც ესწრებიან და ქართველებიც არიან. მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ სადილი. ბატონ გიორგის ახლავს კიდევ საკრებულოს სხვა თანამშრომლებიც, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, პირდაპირ გეტყვით და ეს ჩვენი მეგობრობა გუშინ და გუშინ წინ არ არის დაწყებული. ბატონ გიორგის არ ვიცნობ, მაგრამ მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს ყველასთან ურთიერთობა მაკავშირებს. ვთხოვე,  თუ შესაძლებელია, რომ ჩვენ სადილს დაესწროს და გადაწყვიტა, რომ რატომაც არა და ახლა და რასაც გინდათ, დააკავშირეთ,“ - განაცხადა შეხვედრის ორგანიზატორმა.

 

დღის ამბები