მთაწმინდაზე, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, ლადო კახაძე, საარჩევნო პროცესის დროს გადაცდომებს არ უარყოფს.
ლადო კახაძე დარწმუნებულია, რომ მომხდარ დარღვევებზე შესაბამისი ორგანოები სწორ რეაგირებას მოახდენენ.
„შეიძლება გადაცდომებს ჰქონდეს ადგილი, რაც ნაკლები იქნება გადაცდომები, მით უფრო მაღალი ხარისხი იქნება ჩვენი სანდოობის და ეს იქნება სწორი სვლა დემოკრატიისაკენ. თუ ვინმეს აქვს ეჭვი, რომ ვინმე არის კრიმინალური ავტორიტეტი, ისევ სამართალმა უნდა იმუშაოს. ამ შემთხვევაში მე, როგორც შემფასებელი ვერ გამოვდგები. მე ძალიან ძნელად მეჯერება, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მე ხმა მომცეს, ვიღაცა ძალდატანებით აიძულებდა მას ჩემთვის ხმა მოეცა,“-აცხადებს კახაძე.
კახაძეს გამარჯვება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, პარტიის ოფისთან შეკრებილმა მხარდამჭერებმა და მისმა ოჯახის წევრებმა საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე მიულოცეს. "ქართული ოცნების" კანდიდატის წარმატებაზე ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე საუბრობდა თბილისის მერიც.
„ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები დღეს ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას,“-განაცხადა კალაძემ.