19 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
საარჩევნო უბნებზე იყვნენ ცნობილი კრიმინალი დობო, გაგი მადოევი და სხვები - "ევროპული საქართველო" ზეწოლის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს 

"ევროპული საქართველო", მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს ასაჯაროებს. განცხადება და ვიდეომასალა პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელებს. კადრები, რომელიც ჯამბულის ქუჩაზეა გადაღებული კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებას და მათი მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახავს. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს, ნინო გოგუაძეს და ელენე ხოშტარიას.

ხოშტარიას თქმით, სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს უყურებდნენ სამართალდამცველები, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ.

„ჯამბულის ქუჩაზე პირადად ვიმყოფებოდით მე და ნინო გოგუაძე, რადგან აქ იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ყველა უბანზე მოაწყო კრიმინალების მობილიზება. ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია ასეთ კრიმინალების მიერ ქალებზე ძალადობას უყურებდეს.

ბევრ უბანზე ხდებოდა იგივე. აქ იყო ე.წ. დობო, მისი მეგობარი გაგი მადოევი და კიდევ ბევრი კრიმინალური სახე.  დემე, რომელიც კალაძის მარჯვენა ხელია და საარჩევნო საქმეებს უგვარებს. აქვე ჩანდა რკინიგზის თანამშრომელი ანი გელოვანი. ანუ სიპები, აიპები, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, კრიმინალური ავტორიტეტები, რომელიც დაკავშირებულები არიან კალაძესთან, ხელისუფლებასთან.

ეს არის ის გზა, რომლითაც ხელისუფლება გვართმევს არჩევანს, მაგრამ გარდა ამისა, ეს ანგრევს ქვეყანას. რადგან როდესაც პოლიცია დგას, უყურებს ძალადობას და ვერაფერს ვერ აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე პოლიცია და ე.წ. ძველი ბიჭები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რაც ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა.

„ბატონი გახარია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდა, რომ თუკი სადმე ნახავდა ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს, თუკი სადმე ნახავდა, რომ იქნებოდნენ კრიმინალები, მოახდენდა მყისიერ რეაგირებას. მყისიერი რეაგირება კი არა, პოლიცია პირდაპირ და ეს ძველი ბიჭები პირდაპირ შეთამაშებულები იყვნენ უბნებზე. ისინი მოქმედებდნენ სიმბიოზით.  ეს კი ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად კრიმინალი და ის მთავარი უწყება, რომლიც კრიმინალს უნდა ებრძოდეს, ხელიხელ იცავს ხელისუფლების ინტერესებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ და ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე კრიმინალების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები