ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა დასრულდა. სხდომა "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი, შუალედური არჩევნები იყო. თალაკვაძის თქმით, შეჯამდა შედეგები და განვითარებული პროცესები. მან მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„შევაჯამეთ, დასრულდა უმრავლესობის სხდომა, ჩვენ შევაჯამეთ შუალედური არჩევნების შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების თითოეულ მოქალაქეს მონაწილეობისთვის და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ასეთი მაღალი ნდობა. ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო პროექტებთან და მიმართულებებზე და ასევე, მინდა გითხრათ რომ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ, ჩვენთვის კიდევ უფრო ძლიერია, ეს მოტივაცია, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღო თითოეულმა ჩვენმა თანაგუნდელმა, იქნება აუცილებლად ჩვენი მხრიდან გამოყენებული, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით დასმული კითხვა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის გაღიზიანების მიზეზი გახდა. არჩილ თალაკვაძემ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, "რუსთავი2" მედიასტანდარტის დარღვევაში დაადანაშაულა.
მაშინ როდესაც, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური ძალადობით, დაშინებითა და შანტაჟის თანხლებით მიმდინარეობდა, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, მხოლოდ იმას, რომ "რუსთავი2" კეთილსინდისიერად არ მუშაობს.
„ის, რაც გუშინ ჩვენ "რუსთავი 2"-ის მხრიდან ვიხილეთ, მე ვფიქრობ, ყოველგვარ მედია სტანდარტს სცდება. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენმა ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებს აიძულა, რომ ესეთ მარგინალურ ხაზში შევიდეს ესეთი საერთო ეროვნული მასშტაბის მაუწყებლობის მქონე ტელევიზია“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2“-ს ურჩევს, თვალი გაუსწოროს იმ შედეგებს, რომელიც გუშინ შუალედურ არჩევნებზე დაფიქსირდა.
„მე კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, რომ თქვენ გახსნათ პლატფორმები თქვენს ტელევიზიაში, რათა ამ საკითხებზე იყოს ღია მსჯელობა და ჩვენი მხარე იყოს წარმოდგენილი სათანადოდ და ასე ცალმხრივად არ ხდებოდეს გაშუქება ამ პროცესების, იმიტომ რომ თქვენ სამწუხაროდ, ხართ დაკავებული რეალობის გადაკეთებით და არ გინდათ თვალი გაუსწოროთ იმ შედეგებს, რომელიც არჩევნებმა გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
უმრავლესობის ლიდერი, მმართველ გუნდში, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზეც საუბრობს.
„როგორც იცით, დაწყებული გვაქვს ჩვენ მუშაობა ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება განახლებული პოლიტიკური პროგრამით და განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში და ასევე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.